მთავარი საქართველოლეგიონერები თორნიკე მატარაძემ საფრანგეთში პირველი ლელო გაიტანა

თორნიკე მატარაძემ საფრანგეთში პირველი ლელო გაიტანა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

საფრანგეთის რანგით მე-2 პრო D2-ის მე-5 ტური ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
თორნიკე მატარაძემ საფრანგეთში პირველი ლელო გაიტანა.
ნაკრებში გამოძახებულ მორაგბეებს კი დებიუტი, ან მეტი სათამაშო დრო ჰქონდათ.

,,ნევერის’’ ბურჯმა თორნიკე მატარაძემ, რომელიც საფრანგეთში 2016 წლიდან (პირველი ორი წელი ,,ლიონში’’) თამაშობს, თავისი პირველი ლელო გაიტანა. მას გასულ ორ სეზონში პირველი გუნდის შემადგენლობაში 30 თამაში აქვს ჩატარებული, წელს კი განაცხადში პირველად მოხვდა. ის გურამ პაპიძესთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში იყო – თორნიკემ 65 წუთი ითამაშა, გურამმა 60.

,,ნევერი’’ სტუმრად ქართველების ,,ორიაკს’’ ეთამაშა და 17:23 დამარცხდა. მატარაძემ ლელო 49-ე წუთზე გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ერთი ჯარიმა გავიდა, მასპინძელთა სასარგებლოდ. ‘ორიაკის’ მხრიდან ამ გამარჯვებაში წვლილი ხუთ ქართველს მიუძღვის. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია (შესვენებისას შეცვალეს) და კვაჭი ლუკა ნიორაძე (64 წუთი). მეორე ტაიმი სრულად ჰავბეკმა მიხეილ ალანიამ და მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ ითამაშეს,
ხოლო ბურჯი გიორგი ქართველიშვილი მოედანზე 49-ე წუთზე გამოჩნდა.

მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ. მისი ,,რუანი’’ ,,ანგულემს’’ ეწვია და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 28:24. მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა ძირითადში იყვნენ ბურჯი ლუკა გოგინავა და მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი. გოგინავა 46-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სუთიაშვილი სრულად გაისარჯა და 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ზაზა ნავროზაშვილის ,,პროვანსმა’’ ,,კოლომიეს’’ უმასპინძლა და 15:23 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

ახალ გუნდში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა დუდუ ქუბრიაშვილმა. ის ,,პერპინიანს’’ ახლახანს შეუერთდა და ,,გრენობლთან’’ 26:18 მოგებულ შეხვედრაში შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა.
,,გრენობლის’’ რიგებში პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა ილია კაიკაციშვილმა.

,,ბიარიცის’’ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა მესამეხაზელ თორნიკე ჯალაღონიას, რომელიც ნაკრებშია გამოძახებული. მან შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ნაკრებში გამოძახებული ბურჯი ლუკა აზარიაშვილი, რომლის მაგივრად 55-ე წუთიდან თამაშში გიორგი ნუცუბიძე ჩაერთო. 55-ე წუთიდან ითამაშა უშანგი ჭეიშვილმაც. ,,ბიარიცმა’’ ,,კარკასონი’’ მიიღო და ბონუსით, 37:10 დაამარცხა.

წყარო: rugby.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი