მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ვლადიმერ გუცაევი: ,,ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა უმაყურებლოდ არ უნდა ჩატარდეს”

ვლადიმერ გუცაევი: ,,ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა უმაყურებლოდ არ უნდა ჩატარდეს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული მატჩი შეაფასა და ერთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზეც ისაუბრა.

ლეგენდარული ფეხბურთელი ჩრდილოეთ მაკედონიასთან განვლილ მატჩს ნეგატიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ცუდი ფეხბურთი დიდი ხანია არ უნახავს.

გუცაევის აზრით, ერთა ლიგის ფინალზე მაყურებლები უნდა დაუშვან.  მას იმედი აქვს, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩისთვის ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოპტიმალურ შემადგენლობას შეარჩევს.

ვლადიმერ გუცაევი:
„ბელარუსთან შეხვედრაზე ხალხი სტადიონზე არ შეუშვეს, მაგრამ ყველამ ვნახეთ, გარეთ რაც ხდებოდა – ათასობით ადამიანი სტადიონის გარეთ იდგა და ეს ტერიტორია სავსე იყო.
ჩემი აზრით, აჯობებდა, რომ ხალხი სტადიონზე სოციალური დისტანციის დაცვით შეეშვათ და გარეთ ასეთი ქაოსი აღარ იქნებოდა.

მახსოვს, ნოდარ ახალკაცი ზოგჯერ მატჩებს ატარებდა დიღმის ბაზაზე, სადაც ხალხი ვერ შემოდიოდა. მათ გარეშე თამაშის ჩატარება ჩემთვის ნამდვილი კოშმარი იყო. ასევეა ნებისმიერი ფეხბურთელის განწყობა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა უმაყურებლოდ არ უნდა ჩატარდეს. 16 ათასის დაშვება შეიძლება. ამდენი თუ არა, 10 ათასი მაინც დაუშვან, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების მოხვედრა ქვეყნის სახელზეც დადებითად იმოქმედებს, ჩვენს ფეხბურთზეც, მის ფინანსურ მდგომარეობაზეც და მოთამაშეების მომავალზეც.

სკოპიეში ისეთი პირველი ტაიმი იყო, მსგავსი ცუდი ფეხბურთი კარგა ხანია არ მინახავს – გუნდები ძალიან უფერულად გამოიყურებოდნენ. 12 ნოემბრის გადამწყვეტ შეხვედრამდე ერთი თვეა დარჩენილი და იმედია, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოპტიმალურ შემადგენლობას შეარჩევს“.-  საუბრობს გადაცემა ,,ტაიმაუტში” ვლადიმერ გუცაევი.

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში ფრედ 1:1 ითამაშა და 6 ქულით მე-2 ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია.

წყარო: 1tv.ge
გადაცემის ვიდეო: https://1tv.ge/video

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი