მთავარი მსოფლიოგერმანია რასაც დიდხანს ვეღარ ნახავთ…

შესაძლოა, ეს დიდ რამეს არც ნიშნავს, მაგრამ ეს მომენტი მაინც თვალშისაცემია. დღესვე შეიძლება, ეს ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ფაქტია, ტოპ 5 ჩემპიონატიდან, არცერთს ლიდერობს ფავორიტი გუნდი. ზოგიერთ მათგანს კი მათი სუბიექტური გულშემატკივრებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ სატურნირო ცხრილის სათავეში.

ოქტომბრის ბოლოსთვის, ტოპ ჩემპიონატებს ქვემოთ მოცემული გუნდები ლიდერობენ.

პრემიერ ლიგა

ინგლისის ჩემპიონატის ლიდერზე ნამდვილად არ შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი დაუმსახურებლად არიან იქ, სადაც არიან, სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, კარლო ანჩელოტიმ და კლუბის მესვეურებმა არაჩვეულებრივი პოლიტიკა დაატრიალეს და სწორედ ამიტომ, მათ პირველობას მთლად სურპრიზადაც ვერ მოვნათლავთ. მერსისაიდელებმა ერთერთი მთავარი გამოცდა ნაწილობრივ ჩააბარეს – ფრე ითამაშეს მათ ისტორიულ მეტოქე, “ლივერპულთან” და ეს მატჩი სწორედ ერთადერთია, სადაც ქულები დაკარგეს. ფორვარდმა, კალვერტ–ლუინმა 5 მატჩში 7–ჯერ გაახარა ლივერპულის ლურჯი მხარე და ტოპ–გამტანთა დავას სონთან ერთად ლიდერობს.

გასაოცარია “კანფეტების” უახლოვესი მდევარის, “ასტონ ვილას” ასპარეზობაც, რომელმაც პირველად გუშინდელ შეხვედრაში დაკარგა პირველი ქულები სახლში, ლიდს იუნაიტედთან (0:3), რაც ასევე მოულოდნელი იყო.

და რას შვრებიან ამ დროს ფავორიტები? “ლივერპული” ერთხელ “ვილასთან” განადგურდა (7:2), “მან. სიტიმ” 5 გოლი მიიღო “ლესტერისგან”, “იუნაიტედმა” რთულად დაიწყო, “ჩელსი” ჯერ კიდევ ახალწვეულების ადაპტაციას ელოდება. “არსენალი” და “ტოტენჰემი” მართალია, საშიშად გამოიყურებიან, მაგრამ მაინც კარგავენ ქულებს.

ლიგა 1

თუ არა “პარი სენ–ჟერმენს”, მაშინ ალბათ, “მარსელს” ან “ლიონს” ელოდით მწვერვალზე, მაგრამ როგორც ჩანს, “ლილში” სულ სხვა გეგმები აქვთ. გუნდს თურქი მოთამაშეები მიუძღვიან წინ – ზეკი ჩელიკი, იუსუფ იაზიჯი და ვეტერანი ბურაკ ილმაზი, რომელიც საერთოდ, გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ლიდერებს ჯერ კიდევ არ წაუგიათ. მოიგეს ხუთჯერ და ორ შემთხვევაში საყაიმო ანგარიში დააფქსირეს.

მეორე ადგილს ევროპის ვიცეჩემპიონები იკავებენ. ტუჰელის გუნდმა, ახალი სეზონი ფაქტობრივად მოუმზადებლად დაიწყო, ჩემპიონთა ლიგის გადადებულ გათამაშებაზე მონაწილეობის გამო, სადაც ყველა შესაძლო ბარიერი გადალახა, გარდა “ბაიერნისა”

იმისათვის, რათა “ლილმა” საჩემპიონო კვარცხლბეკზე დგომა განაგრძოს, სტუმრად “ნიცა” უნდა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მის უახლოვეს მდევარს ჩააბარებს ადგილს

ლა ლიგა

ესპანეთის ჩემპიონატს სამეფო კლუბი უდგას სათავეში, ოღონდ ის არა, ვინც ახლა გაიფიქრეთ. ეს კლუბი რეალ სოსიედადია, რომელიც “ვილიარეალთან” ერთად იზიარებს ესპანურ მწვერვალს. რა თქმა უნდა, სრულიად მოულოდნელია როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის ასეთი სტარტი. როგორც ჩანს, დავიდ სილვას ტრანსფერმა საკმაოდ დიდი ეფექტი მოახდინა.

თუმცა… გამომდინარე იქიდან, რომ ექვსი ტურის მანძილზე, გათამაშების ლიდერი ექვსჯერ შეიცვალა, უზარმაზარი ალბათობით, კიდევ მოხდება ეს ფაქტი, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ბოლოს და ბოლოს,, ამ ჩემპიონატში მადრიდის “რეალი”, ბარსელონა” და “ატლეტიკო” ასპარეზობენ და მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის სხვისთვის დიდების დათმობა.

ბუნდესლიგა

გერმანიას “წითელი ხარები” იპყრობენ, მაგრამ მოქმედი ჩემპიონი შორს არაა – განსხვავება სულ რაღაც 1 ქულაა. “რეკორდმაისტერმა” “ჰოფენჰაიმთან” გაანიავა 3 ქულა (1:4) და ასე ჩააბარეს პირველი ადგილი ლაიპციგს. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომელზე საუბარიც შეიძლება – გადაღლილობა, მსგავსად “პარის სენ–ჟერმენისა. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე ლაიპციგიც მონაწილეობდა და გარკვეულწილად, მათი მზადყოფნაც არ უნდა იყოს იდეალური, თუმცა ისინი ჯერ კიდევ წაუგებლად უდგანან სათავეში ბუნდესლიგას.

მეხუთე ტურში “ლაიპციგი” “ჰერტას გაუმასპინძლდება, “ბავარიელები” კი “აინტრახტს” მიიღებენ ალიანს არენაზე.

სერია ა

ყველაზე სასიამოვნო ფაქტი როგორც ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივრისთვის, ასევე როსონერის ფანებისთვის – მილანის დაბრუნება. დიახ! ლეგენდარულ კლუბს საუკეთესო სტარტი აქვს 21–ე საუკუნეში. ბოლოს, ზედიზედ 4 გამარჯვება 1995 წელს ჰქონდათ, პლუს მოგებული დერბი “ინტერთან”. “ასტონ ვილას” მარცხის შემდეგ, “მილანი” ერთადერთი გუნდი დარჩა, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო თავის ჩემპიონატში

რაც შეეხება მთავარ ფავორიტ “იუვენტუსს” – პირლოს შეგირდებმა 4 მატჩი გამართეს და ორი ფრედ დაასრულეს. ტურინელები ერთ–ერთ მთავარ კონკურენტს, “ნაპოლისაც” ჩამორჩებიან ცხრილში.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი