მთავარი მთავარი ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ – მაისურაძე ბრინჯაოსთვის

ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ – მაისურაძე ბრინჯაოსთვის

ავტორი კახა მიხანაშვილი
31 ნახვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ჯუდოს ევროპის ჩემპიონატზე დღეს ქართველებს 3 მედლის მოპოვების შანსი გააჩნიათ.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში 2 ქართველი ჯუდოკა ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი გავიდა.
ბრინჯაოს მედლისთვის კი ლუკა მაისურაძე იბრძოლებს.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა 5 დაპირისპირება მოიგო.

შავდათუაშვილმა პირველ წრეში გერმანელ ენტონი ზინგის ,,ოქროს დროში” სძლია.
მეორე წრეში კი პორტუგალიელ ჟოაო ფერნანდოს ვაზარის უპირატესობით აჯობა.

1/4 ფინალში ძველი მტერ-მეტოქეების შავდათუაშვილისა და აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვის გზები გადაიყარა.
დრამატულ დაპირისპირებაში ლაშა ვაზარით დაწინაურდა, თუმცა ორუჯოვი არ გატყდა და წონასწორობა აღადგინა.

ძირითადი დროის დამთავრებამდე 28 წამით ადრე შავდათუაშვილმა მეტოქე ვაზარით ბეჭებზე გააკრა და გამარჯვება იზეიმა.

1/2 ფინალში ოლიმპიური ჩემპიონების ლაშა შავდათუაშვილისა და იტალიელი ფაბიო ბაზილეს ორთაბრძოლა შედგა.
ქართველმა ფალავანმა აპენინელ ვიზავის 56 წამში იპონით სძლია.

ევროპირველობის ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე მოლდოველი ვიქტორ სტერპუ იქნება.

81 კილოგრამში ქართველი ჯუდოკების ტატო გრიგალაშვილისა და ლუკა მაისურაძის დაპირისპირება 1/4 ფინალურ ეტაპზე შედგა.

იქამდე ორივე ფალავანმა 2-2 შეხვედრა მოიგო.

გრიგალაშვილმა ჯერ იტალიელი კრისტიან პარლატი ვაზარით დაამარცხა.
მეორე წრეში კი ბერძენ თეოდოროს დემურციდისს იპონით მოუგო.

მაისურაძემ კი გზიდან მოლდოველ ნიკონ ზაბოროსჩიუსი და უკრაინელი არტიომ ბუბირი ჩამოიცილა.
ლუკამ ამ უკანასკნელს საქმე იპონით 20 წამში მოუთავა.

ქართულ დუელში გამარჯვება ტატო გრიგალაშვილს დარჩა. მან მაისურაძეს ვაზარის უპირატესობით სძლია.

1/2 ფინალში გრიგალაშვილმა მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი მატიას კასე ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალს მიუახლოვდა.

გრიგალაშვილი გადამწყვეტ ბრძოლას ბყლგარელ ივაილო ივანოვთან ჩაატარებს.

მაისურაძემ კი რეპეჟაში აზერბაიჯანელი მურად ფატიევთან გამარჯვების შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.
ლუკა ურთიერთობას ნიდერლანდელ ფრანკ დევიტთან გაარკვევს.

ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს.
პირდაპირ რეპორტაჟს პრაღიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი” შემოგვთავაზებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი