მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები თედო აბჟანდაძე: „თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და უფრო თამამები ვართ შეტევაში“

თედო აბჟანდაძე: „თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და უფრო თამამები ვართ შეტევაში“

ავტორი კახა მიხანაშვილი

უელსის ნაკრებთან ,,შემოდგომის ერთა თასის” მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ბორჯღალოსანთა” თავკაცი ლევან მაისაშვილი თედო აბჟანდაძესთან ერთად გამოცხადდა.

,,ბორჯღალოსანთა” მგეზავი თედო აბჟანდაძე ამბობს, რომ მორაგბეები მოედანზე თავს უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე ინგლისთან და სისტემამაც იმუშავა, თუმცა ტექნიკური წუნის გამო მომენტების გამოყენება ვერ მოხერხდა.

თედო აბჟანდაძე:
„მოედანზე თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდით, ვიდრე ინგლისთან და 75-ე წუთამდე თამაშში დავრჩით, მაგრამ რამდენჯერმე ვერ შევძელით ქულების აღება. ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა და ბურთს ვკარგავდით. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც ჯარიმის გატანა შეიძლებოდა, მაგრამ მორკინალები მოლში თავს კარგად გრძნობდნენ და ლელოზე თამაში ვარჩიეთ. სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომის გამო ბურთი აქაც დავკარგეთ.
ჩვენი მიზანი იყო, ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა ხელით, მაგრამ პირველ ტაიმში ეს ვერ შევძელით. ამით იყო განპირობებული ფეხით ბევრი თამაში. შესვენების შემდეგ პოზიციურად უკეთ ვიყავით და გავთამამდით.

თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და უფრო თამამები ვართ შეტევაში. ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. დღეს გამოჩნდა, რომ სისტემა მუშაობს, უპირატესობის ხაზსაც ვკვეთდით, მაგრამ მერე შეცდომებს ვუშვებდით. ვფიქრობ, ამ სისტემაში უნდა დავრჩეთ და გავაუმჯობესოთ“. – აცხადებს ეროვნული  ნაკრების ახალგაზრდა მგეზავი თედო აბჟანდაძე.

,,შემოდგომის ერთა თასზე” საქართველოს ნაკრებმა უელსთან 0:18 წააგო.  ქართველებს ტურნირზე ჯერჯერობით ქულა არ აქვთ მოპოვებული.

,,ბორჯღალოსნები” ჯგუფის მე-3 ორთაბრძოლას დუბლინში, ,,ავივა სტედიუმზე” 29 ნოემბერს, ჩაატარებენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი