მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ილიას ზუროსმა საკვალიფიკაციო მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ილიას ზუროსმა საკვალიფიკაციო მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ავტორი კახა მიხანაშვილი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს.

ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული “ბაბლის” პრინციპით ატარებს, რაც თითო ჯგუფის ყველა თამაშის ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში გამართვას გულისხმობს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 13 მოთამაშე შემადგენლობით ფინეთში, 24 ნოემბერს შეიკრიბება. მანამდე კი, 22 და 23 ნოემბერს ნაკრების სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტების – მილოშ გლიგორიევიჩისა და ანატოლი ბოისას ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ. კორონავირუსის გამო ეროვნულ გუნდის საწვრთნელ პროცესში ვერ ჩაერთვებიან მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი და ფიზმომზადების სპეციალისტი ირაკლი შიოშვილი. 5 ლეგიონერთან ერთად ნაკრებს ფინეთში შეუერთდებიან მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი.

ფინეთის ქალაქ ესპოოში ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფის ოთხივე მონაწილე შეიკრიბება, რომლებიც საკარანტინე პირობებში იცხოვრებენ და სასტუმროს მხოლოდ სავარჯიშოდ, უსაფრთხოებისა და რეგულაციების მაქსიმალური დაცვით დატოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გვარიანად გადახალისებულია, რაც ნაკრებში რამდენიმე მოთამაშის ჩამოუსვლელობითაა განპირობებული. ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე 

რატი ანდრონიკაშვილი, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე ვერ დაეხმარება.

რატი ანდრონიკაშვილმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

გოგა ბითაძეს და ბექა ბურჯანაძეს მუხლი აწუხებთ.

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა გაურთულდა ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც მუხლი გასიებული აქვს და ფინეთში მისი გამგზავრება ბოლო მომენტში გამოირიცხა.

ფინეთში ვერ ჩადიან ასევე ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოთამაშე ჩვენი ნაკრების გამოცდილი კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.

საქართველოს ნაკრებს  კაპიტანი თორნიკე შენგელია დაუბრუნდა. ,,ცსკას” კალათბურთელი ფინეთში 27 ნოემბერს ჩავა და ორივე საკვალიფიკაციო შეხვედრას ითამაშებს.

შენგელია გამონაკლისი კალათბურთელია იმ მხრივ, რომ ევროლიგის გუნდში თამაშობს და ეროვნულ ნაკრებს  ევროსაკვალიფიკაციოში ეხმარება.
ეს პრაქტიკა ევროპაში არ გვხვდება, რადგან ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარას ევროლიგის მატჩები ემთხვევა და კალათბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებში ვერ მიდიან. ნაკრებში რომ ითამაშებს, ეს თორნიკეს დამსახურებაა, რომელმაც მოსკოვის ,,ცსკა”-ს კონტრაქტში პირობად ჩაუდო, რომ საქართველოს ნაკრების თამაშებზე გამოუშვებდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი გააძლიერებენ. ორივე მათგანი ევროპის მოწინავე საკალათბურთო ლიგის წამყვანი კალათბურთელები არიან. კიდევ 2 ლეგიონერი ნაკრებში საფრანგეთიდან ჩავა – მესამე დივიზიონის “კაენში” მოთამაშე გიორგი კორსანტია და “რუეილის” წევრი გიორგი ტურძელაძე.

ფინური ,,ბაბლის”  მონაწილე ოთხივე ნაკრები – სერბეთი, საქართველო, შვეიცარია და ფინეთი დედაქალაქ ჰელსინკის სასტუმრო Crown Plaza-ში, საკარანტინე პირობებით იქნებიან დაბანაკებულნი, ხოლო სავარჯიშოდ 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ესპოოს “მეტრო არენაზე” ივლიან, სადაც 28 და 30 ნოემბერს მთლიანობაში 4 მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში, 18:00 საათზე შვეიცარიას შეხვდება. ორივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ესეც საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლუკა ზაქრაძე (,,თსუ”, საქართველო), გივი ბაქრაძე (,,ვერა”, საქართველო), თად მაკფადენი (,,სან პაბლო ბურგოსი”, ესპანეთი), ლუკა ბულაშვილი (,,დინამო”, საქართველო), მერაბ ბოქოლიშვილი (,,რუსთავი”საქართველო), გიორგი კორსანტია (,,კაენი”, საფრანგეთი), ალექსანდრე ფევაძე (,,ცხუმ-აფხაზეთი”, საქართველო),
ბექა ბექაური (,,ბათუმი”, საქართველო), თორნიკე შენგელია (,,ცსკა”, რუსეთი), ილია ლონდარიძე (,,ქუთაისი, საქართველო),
გიორგი შერმადინი (,,ტენერიფე”, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე (,,რუე ილი”, საფრანგეთი)


საქართველოს ნაკრები სუპერლიგის 8 მოთამაშით ფინეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით, 24 ნოემბერს, 11:30 საათზე გაფრინდება.

წყარო: gbf.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი