მთავარი მსოფლიოინგლისი ლაშა ჯაიანი კარიერას ინგლისურ კლუბ ,,უოსფსში’’ გააგრძელებს

ლაშა ჯაიანი კარიერას ინგლისურ კლუბ ,,უოსფსში’’ გააგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი  კარიერას ინგლისის  პრემიერშიფის  კლუბ ,,უოსფსში’’ გააგრძელებს.

ჯაიანმა ინგლისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი, 6+6-ის პრინციპით გააფორმა.

ლაშა ჯაიანმა რაგბის თამაში თბილისის ,,ჩოხოსნებში’’ დაიწყო.  2016 წელს კი ინგლისს მიაშურა და ჯერ ,,ექსეთერის’’ სკოლის, შემდეგ კი უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა.

ინგლისში გატარებული პერიოდი ლაშას ახლაც გამოადგა. „შემოდგომის ერთა თასზე“ წარმატებული თამაშის შემდეგ, მას ყოფილი მწვრთნელი, ,,ვიტგიფთის’’ სკოლის გუნდის თავკაცი კრის ვოლკინსი დაუკავშირდა, რომელიც ადრე ,,უოსფსში’’ თამაშობდა და  „ბზიკების“ აკადემიის მთავარ მწვრთნელთან კევინ ჰერმანთან
კარგი ურთიერთობა აქვს.

სწორედ, მისი რჩევის შემდეგ აიყვანეს გუნდში ქართველი მორაგბე.

,,უოსფსი’’ 153 წლის წინ დაარსდა და საშინაო შეხვედრებს „რიკო არენაზე“ (Ricoh Arena) მართავს, რომელიც 32 609 მაყურებელს იტევს. გუნდი 6-ჯერ  პრემიერშიფის ჩემპიონი გახლავთ.
,,ბზიკებმა”  6-ჯერ  მეორე ადგილი
დაიკავეს,  მათ შორის გასულ სეზონში.

,,უოსფსი”  ჩემპიონთა თასის 2-გზის და ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულია.

„ბზიკების“ ახალგაზრდული გუნდი საქართველოშიცაა ნამყოფი და უმცროს ,,ბორჯღალოსნებთან”  ამხანაგური თამაშები გამართა. 2018 წლიდან კლუბის  ღირსებას  ,,ბორჯღალოსანი” ზურაბ ჟვანია იცავს.

ლაშა ჯაიანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში წლის 22 თებერვალს  ბელგიასთან  მატჩში  შედგა. მას ,,ბორჯღალოსანთა” რიგებში ჯამში 6 თამაში აქვს ჩატარებული.

ჯაიანმა „შემოდგომის ერთა თასზე“  ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი