მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ლაშა ჯაიანი: „ბედნიერი ვარ ასეთი ისტორიის მქონე, ტიტულოვანი და მაღალი კლასის გუნდის წევრი რომ გავხდი”

ლაშა ჯაიანი: „ბედნიერი ვარ ასეთი ისტორიის მქონე, ტიტულოვანი და მაღალი კლასის გუნდის წევრი რომ გავხდი”

ავტორი კახა მიხანაშვილი

,,კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზის ფონზე, გუნდმა ძალიან კარგი პირობები შემომთავაზა და ესეც რომ არა, ასეთი გუნდის შეთავაზებაზე უარის თქმა ყველა მორაგბეს გაუჭირდებოდა.” – აცხადებს  ინგლისურ  ,,უოსფსში’’ გადასული საქართველოს ნაკრების მეორეხახელი ლაშა ჯაიანი.

ჯაიანმა ,,rugby.ge”-სთან რამდენიმე თემაზე ძალიან  საინტერესოდ ისაუბრა.
ქართველმა მორაგბემ კომენტარი ახალი გუნდის შესახებ, ინგლისში გატარებულ წლებზე და ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებ შეხვედრებზე გააკეთა. 

ლაშა ჯაიანი: ,,ბედნიერი ვარ ასეთი ისტორიის მქონე, ტიტულოვანი და მაღალი კლასის გუნდის წევრი რომ გავხდი. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული კრიზის ფონზე, გუნდმა ძალიან კარგი პირობები შემომთავაზა და ესეც რომ არა, ასეთი გუნდის შეთავაზებაზე უარის თქმა ყველა მორაგბეს გაუჭირდებოდა. ასეთ შანსს არ ველოდი და გახარებული ვარ, რადგან ,უოსფსში’’ თამაში პროფესიულ კარიერაში ერთი საფეხურით წინ წასვლის საშუალებას მომცემს. ვეცდები გუნდში ადგილი დავიმკვიდრო და ამისთვის თავს არ დავზოგავ.

ვესაუბრე ,,უოსპსის’’  მწვრთნელებს, რა სტილს ანიჭებენ უპირატესობას, როგორი ტიპის ვარჯიშები აქვთ. ასევე ვესაუბრე ზურაბ ჟვანიას, კონსულტაციები გავიარე ლევან მაისაშვილთან და ილო მაისურაძესთან და ყველამ მირჩია, რომ კონტრაქტზე ხელი მომეწერა, რადგან ეს ჩემი განვითარებისთვის ძალიან კარგი იქნება.

ვივარჯიშებ პირველ გუნდთან ერთად. ვიცი, რომ მეყოლება ძლიერი კონკურენტები, რაც ძალიან კარგია, რადგან მომიწევს მეტი შრომა და მათთან კონკურენციით დიდ გამოცდილებას მივიღებ.- აცხადებს საქართველოს ნაკრების მორაგბე.

ლაშა ჯაიანი ინგლისში პირველ ნაბიჯებს იხსენებს. 
ქართველი მორაგბე ჯერ ,,ექსეთერის’’  სკოლის, შემდეგ კი უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა. 

,,პირველად ინგლისში რომ ჩავედი ფიზიკურად თხელი ვიყავი. გუნდში ძალიან კარგი ფიზმომზადების სპეციალისტები გვყავდა, გვქონდა იდეალური სავარჯიშო პირობები და ამ პერიოდში მნიშვნელოვნად მოვუმატე, ფიზიკურადაც გავიზარდე. გარდა ამისა, უნივერსიტეტის გუნდში ხშირად მოდიდონენ ,,ექსეთერ ჩიფსის’’ მორაგბეები, მათ შორის მეორე ხაზელებიც და გვიტარებდნენ სპეციფიურ ვარჯიშებს, გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა. რეგულარულად ვთამაშობდი ჩემი ასაკისთვის საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდი პროფესიულ რაგბს“ – იხსენებს ,,ექსეთერში” გატარებულ პერიოდს ჯაიანი.

ლაშა ჯაიანმა ნაკრებში დებიუტზეც ისაუბრა და კომენტარი ,,შემოდგომის ერთა თასზე” საქართველოს ნაკრების გამოსვლის შესახებაც გააკეთა.

„ბორჯღალოსანთა” რიგებში დებიუტი ბელგიასთან მქონდა.
ბელგია იმ დონის გუნდი არაა, როგორებსაც „შემოდომის ერთა თასზე“ ვეთამაშეთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს იყო კარიერის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა.
უნდა დამემტკიცებინა, რომ ნაკრებში ყოფნას ვიმსახურებდი და დღეს ,,უოსფსთან’’ კონტრაქტს რომ ვაფორმებ, სწორედ ბელგიასთან მატჩის დამსახურებაა.

რაც შეეხება „შემოდგომის ერთა თასს“, ეს იყო უძლიერესი ტურნირი, სადაც, მთელი თვის განმავლობაში, კვირიდან კვირამდე ვეთამაშებოდით მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს. მეც და საქართველოს ნაკრების ყველა მოთამაშემ, უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ. ის, რომ ტურნირზე კარგად გამოვიყურებოდით იმ ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდის დამსახურებაა, რომლის განმავლობაში მწვრთნელებმა და ყველა მიმართულების სპეციალისტებმა უდიდესი სამუშაო ჩაატარეს.

თამაში მსოფლიოს უძლიერესი მორაგბეების წინააღმდეგ გვიწევდა და პირველ რიგში, შევიძინე უდიდესი თავდაჯერებულობა. ვნახე, რომ ამ დონეზე თამაში შემიძლია და ეს თავდაჯერებულობა ,,უოსფსშიც’’ გამომადგება. ახლა ვიცი, რომ ამ დონის მოთამაშეების მხარდამხარ, გნებავთ წინააღმდეგ თამაში შემიძლია და ეს გუნდთან შეგუებაში დამეხმარება“.- აცხადებს ინგლისურ კლუბში გადასული ქართველი მორაგბე ლაშა ჯაიანი.

ლაშა ჯაიანმა ინგლისის პრემიერშიპის გუნდ ,,უოსფსთან” ერთწლიანი კონტრაქტი, 6+6 სისტემით გააფორმა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი