მთავარი მთავარი 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო – დოჰას მასტერსზე ქართველებმა წარმატებით იასპარეზეს

2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო – დოჰას მასტერსზე ქართველებმა წარმატებით იასპარეზეს

ავტორი კახა მიხანაშვილი

დღეს, დოჰას მასტერსზე ქართველებმა კიდევ 3 მედლის მოპოვება მოახერხეს.

ყატარის დედაქალაქში ჩემპიონის ტიტული 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
ვერცხლოს მედალი ბექა ღვინიაშვილმა დაისაკუთრა.
ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს ყულაბას ლაშა ბექაურმა შესძინა.

ვარლამ ლიპარტელიანმა დოჰას მასტერზე ყველა ორთაბრძოლა მაღალ დონეზე ჩაატარა.

გადამწყვეტ ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან გაიმარჯვა.
ტიტულოვანმა ქართველმა ჯუდოკამ მეტოქეს ვაზარი წამებში აუღო და შემდეგ კი ორთაბრძოლა მოგებამდე აკადემიურ სტილში მიიყვანა.

ფინალამდე ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ წრეში რუსი ნიაზ ბილალოვი არ დაინდო და იპონით
2:37 წუთში გამარჯვება მოიპოვა.

კიდევ უფრო ცოტა დრო მოანდომა ქართველმა ჯუდოკამ მუხამადკარიმ ხურამოვთან მოგებას. მან უზბეკი მეტოქე 1:58 წუთში ,,დააიპონა”.

1/2 ფინალში ლიპარტელიანმა ვაზარის უპირატესობით ებრაელ პეტერ პალჩიკს სძლია.

90 კილოგრამში ვერცხლის მედალი ბექა ღვინიაშვილმა დაისაკუთრა.

ღვინიაშვილმა ფინალამდე 4 ჯუდოკა დაამარცხა. მან  პირველ წრეში 1 წუთსა და 32 წამში შვედ მარკუს  ნემანს იპონით სძლია.

ბექა მეორე წრეში სკანდინავიელის გზას იაპონელი შოიჩირო მუკაი გაუყენა.
ქართველმა ჯუდოკამ ამომავალი მზის ქვეყნის შვილს იპონით 3:42 წუთში მოუგო.

1/4 ფინალში ღვინიაშვილმა ულამაზესი ილეთი შეასრულა.
გერმანელ ედუარდ ტრიპელთან შეხვედრაში მაშინ, როდესაც ბექა  ვაზარით მარცხდებოდა მეტოქე შესანიშნავი ხაბარელით ტატამიზე ბეჭებით გააკრა.

1/2 ფინალში ბექა ღვინიაშვილმა თურქეთის სახელით მოასპარეზე მიხაილ ჟგანკი ვაზარის უპირატესობით დაამარცხა.

ფინალში კი ღვინიაშვილმა  ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდისთან წააგო.
ბენელუქსელმა ჯუდოკამ ღვინიაშვილი ჯერ ვაზარიზე დასცა. ბოლოს კი იპონით მოუგო

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი  მოიპოვა ლაშა ბექაურმა. 

ბექაურმა პირველ წრეში ებრაელი ლი კოჩმანი 1 წუთსა და 15 წამში იპონით დაამარცხა.
მეორე წრეში კი სერბ ნემანია მაიდოვთან უმძიმესი ბრძოლა გადახდა.
ჯუდოკებმა თითო ვაზარი აიღეს და ორთაბრძოლა ,,ოქროს დროში” გადავიდა.
შეხვედრის დაწყებიდან 6 წუთის თავზე ბექაურმა გამარჯვება მოიპოვა.

1/4 ფინალურ დაპირისპირებას რუს მიხაილ იგოლნიკოვთან ბექაური ოდნავ გადაღლილი შეხვდა, თუმცა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა. ქართველს რუსმა მოწინააღმდეგემ წამიერი მოდუნება არ აპატია და 3 წუთსა 20 წამში მეორე ვაზარი აუღო.
იქამდე ბექაურს და იგოლკოვს  თითო ვაზარი ჰქონდათ მოპოვებული.
რეპეჟაში ლაშა ბექაურმა იგოლნიკოვის ჯავრი მონღოლ ანტალბაგანა განტულგაზე  იყარა და 1:07 წამში აზიელი ჯუდოკა იპონით დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბექაურმა თურქ მიხაილ ჟგანკთან 2:37 წუთში იპონით გაიმარჯვა და პრესტიჟულ ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაასრულა.

ქართველებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით პირველი საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს.

ესეც დოჰას მასტერსის ქართველი მედალოსნები:
-66 კგ
ბრინჯაო: ვაჟა მარგველაშვილი

-81 კგ
ოქრო:  ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ
ვერცხლი: ბექა ღვინიაშვილი
ბრინჯაო: ლაშ ბექაური

ქართველებმა გუნდურ ჩათვლაში ჯამში  მე-4 ადგილი დაიკავეს.
ვაჟებს შორის კი მე-2 პოზიციაზე გავიდნენ.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი