მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ილიას ზუროსი: ,,ჩვენი მოთამაშეები 200%-ით დაიხარჯნენ და დაამარცხეს ძალიან ძლიერი გუნდი”

ილიას ზუროსი: ,,ჩვენი მოთამაშეები 200%-ით დაიხარჯნენ და დაამარცხეს ძალიან ძლიერი გუნდი”

ავტორი კახა მიხანაშვილი
164 ნახვა

,,როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ვიცოდი რომ ქართველები იყვნენ ამაყი და მებრძოლი ხალხი.  ეს საქართველოს ნაკრების ყველა შეხვედრაში მტკიცდება.” – განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისრაელთან მოგებული მატჩის შემდეგ.

ეროვნული ნაკრების თავკაცი აცხადებს, რომ ნაკრების კალათბურთელები  200%-ით დაიხარჯნენ და ძალიან ძლიერი გუნდი დაამარცხეს.

ზუროსი გულშემატკივრებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

ილიას ზუროსი: “პირველ რიგში, გამარჯვება მინდა მივულოცო კალათბურთელებს, რომლებმაც მთელი გულით ითამაშეს. მადლობა მწვრთნელებს და მთელ პერსონალს. ადვილი არ იყო, რომ ასეთ მოკლე დროში გუნდი ორი მატჩისთვის კარგად მომზადებულიყო. ასეთ ვითარებაში, ყველაზე სწორი გამოსავალია დაცვაში კარგი თამაში და ეს მოვახერხეთ კიდეც. ჩვენი მოთამაშეები 200%-ით დაიხარჯნენ და დაამარცხეს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელმაც თავის მხრივ, სერბეთს მოუგო.

ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივარი, რომელიც მთელი თამაში  და განსაკუთრებით ბოლო წუთებში  გვეხმარებოდა. როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ვიცოდი რომ ქართველები იყვნენ ამაყი და მებრძოლი ხალხი. ეს საქართველოს ნაკრების ყველა შეხვედრაში მტკიცდება. თორნიკე შენგელიამ ყველას გვაჩუქა სამაჯური, რომელსაც აწერია ქართული სული. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ღირსება ის არის, რომ  ყველა სიტუაციაში ბოლომდე იბრძვის.

გიორგი შერმადინმა და გოგა ბითაძემ ერთად ძალიან კარგად ითამაშეს. ბექა ბურჯანაძე დიდი ხნის შემდეგ დაგვიბრუნდა და მთელი გულით ითამაშა. გვყავს ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრების მომავალია. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ ახალ თაობას მივცეთ ასპარეზი. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიგულშემატკივრა: ჩვენ ერთი გუნდი ვართ”.

მატჩისშემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელთან დაპირისპირების შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გიორგი შერმადინმაც ისაუბრა.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი აცხადებს, რომ ბოლო წამებზე ჩაგდებული  ბურთის შემდეგ ძალიან ბედნიერია და იმ მომენტში სიხარულისგან უბრალოდ დაფრინავდა.

გიორგი შერმადინი: “პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც სპორტის სასახლეში შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. ასევე, მინდა მივულოცო გამარჯვება მწვრთნელებს. მნიშვნელოვანი მოგება იყო, რადგან ჩვენ დავამარცხეთ ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც ევროლიგის მოთამაშეები ჰყავდა და რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებდა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გულშემატკივარი საუკეთესოა.

ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით ბედნიერი ვარ, რადგან მოვიგეთ თამაში და გულშემატკივარი გავახარეთ. იმ მომენტში უბრალოდ დავფრინავდი ბედნიერებისგან. ეს კომბინაცია ჩვენმა მწვრთნელმა დახაზა, რამაც გამოიღო კიდეც შედეგი”. -აცხადებს გიორგი შერმადინი.

ნაკრების გამარჯვების შემდეგ კომენტარები საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გოგა ბითაძემ. დუდა სანაძემ დათად მაკფადენმაც გააკეთეს.

გოგა ბითაძე: “დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. როგორც ესტონეთში, ისე დღეს, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი მცირეა, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ბოლომდე ვიხარჯებით. თუ ამ გამარჯვებით ჩვენი შანსები გაიზრდება, შესანიშნავი იქნება”.

დუდა სანაძე: “ველოდით ასეთ მძიმე ბრძოლას. ძალიან მაგარი თამაში იყო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ჩემ თანაგუნდელებს, რომლებმაც ყველაფერი დადეს მოედანზე”.

თად მაკფადენი: “ეს იყო ძალიან მაგარი თამაში, რომელშიც საბედნიეროდ გამარჯვება მოვიპოვეთ. ორივე გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა და ამიტომ გამოვიდა ასეთი დაძაბული მატჩი. ეს იყო დიდი მატჩი და საბედნიეროდ, გავახარეთ ჩვენი გულშემატკივრები”.

მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ისრაელს დრამატულ ორთაბრძოლაში ოვერტაიმში ბოლო წამებზე 71-69 მოუგო.

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი