მთავარი მთავარი მილტონ ჰეიგი: ,, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მორაგბეებს მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ “

მილტონ ჰეიგი: ,, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მორაგბეებს მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ “

ავტორი კახა მიხანაშვილი
45 ნახვა

საქართველოს  ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი  ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.  “ბორჯღალოსანთა” სამწვრთნელო შტაბმა გუნდის გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა.

რუმინეთთან და ესპანეთთან მატჩებისთვის 29 მორაგბე მოემზადება.  მათგან ხუტ მორაგბეს  ეროვნული ნაკრების კვართის მორგების პატივი პირველად მიეცემა.

“ბორჯღალოსნების” მზადების პროცესზე ვრცელი კომენტარი გუნდის ახალ ზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.

მილტონ ჰეიგი:  „რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი ტურისთვის, ტრადიციულად, ახალგაზრდა ბიჭები გამოვიძახეთ. გვსურს ვნახოთ, თუ შეუძლიათ მათ იმ დონეზე თამაში, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. გარდა ამისა, არიან ბიჭები, რომლებიც სანაკრებო გარემოში ჯერ არ ყოფილან და მოდით ვნახოთ, რას მოუტანენ ისინი გუნდს.

ტურნირის ძლიერ მეტოქეებთან მატჩებით დაწყება ჩვენთვის იდეალური გამოწვევაა. ეს ჩვენთვის სიახლე და ამავდროულად, ძალიან საინტერესოცაა. საჭიროა, რომ ძალიან კარგად მოვემზადოთ. მოთამაშეებმაც უნდა გაიაზრონ, თუ რა არის მნიშვნელოვანი. ალბათ გახსოვთ, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რუმინეთმა და ესპანეთმა დიდი ვნებათაღელვა გადაიტანეს.  ორივეს ნატურალიზირებულ მოთამაშეთა დაშვების გამო პრობლემები ჰქონდათ, რამაც ისინი მსოფლიო თასს მიღმა დატოვა. ისინი მოტივირებული იქნებიან და ჩვენს დამარცხებას ეცდებიან. ამ გამოწვევას პირველიდან ბოლო წუთამდე შესაბამისად უნდა მოვეკიდოთ

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეთაგან სამი, ნაკრების გარემოცვაში, გაფართოებულ შემადგენლობაში, ან სავარჯიშო გარემოში ადრეც მოხვედრილა.  დავით გიგაური ჩვენი თვალთახედვის არეში  ახლახანს მოხვდა და დროის მოკლე მონაკვეთში ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა ეს მოთამაშე ათლეტური და ღონიერია. ჩვენ  საქართველოს კვართით მათ თამაშს მოუთმენლად ველით.

ჩვენს გუნდში  ახალგაზრდა მორაგბეები არიან, თუმცა ჩვენ მათ ვენდობით! გურამ გოგიჩაშვილი ტოპ 14-ში ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერია, ხოლო გიგაშვილი და მელიქიძე სისტემატურად თამაშობენ თავიანთ გუნდებში. მატარაძეც სისტემატურად ხვდება პრო დე2-ის ერთ-ერთი ლიდერის, “ნევერის” სასტარტო შემადგენლობაში და ჩვენ მისი თამაშის ხარისხით კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ მიდგომაც არანაკლებ როლს თამაშობს და ვთვლით, რომ ამ მხრივ ამ მორაგბეებს ყველაფერი რიგზე აქვთ.

ტრადიციულად, მე-9 დებულებით გათვალისწინებული შეკრება, ძირითადი მატჩების წინ მორაგბეებისთვის ეროვნული ნაკრების სამუშაო სისტემისა და წესების გაცნობას ემსახურება. ის ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, გავმართოთ ფიტნეს-ტესტები და დავრწმუნდეთ, რომ მორაგბეების ფიზიკური ფორმა საერთაშორისო რაგბის მოთხოვნებს შეესაბამება.

მომდევნო, „მატჩის კვირა“ რუტინული იქნება და ნაკრები ჩვეული წესით შეუდგება თამაშისთვის მზადებას, სეზონისწინა შეკრება კი მოგვცემს საშუალებას, რომ უკეთ მოვემზადოთ რუმინეთთან ბრძოლისთვის.

რეალურად, ეს ბოლო ტურნირია მსოფლიო თასამდე და უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რომ იაპონიაში გამგზავრებამდე გუნდში პოზიციებზე სიღრმეები შევქმნათ. გარდა ამისა, კარგი შესაძლებლობაა მოთამაშეთა სარაგბო უნარების დასახვეწად.

საინტერესოა ახალგაზრდების გამოცდა საერთაშორისო ტურნირზე, მათზე დაკვირვება, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, მათ  მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ და აუცილებლად უნდა ითამაშონ რუმინეთისა და ესპანეთის მსგავსი გუნდების წინააღმდეგ, რათა შეიძინონ გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ. თუ ისინი ამ ეტაპს წარმატებით გაივლიან, მწვრთნელებს მეტი მოტივაცია გვექნება მსოფლიო თასის წინა შეკრებაზე მათ გამოსაძახებლად“.- განაცხადა  საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა წვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

“ბორჯღალოსნები”  რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს  რუმინეთის ქალაქ კლუჟში 9 თებერვალს, გამართავენ.  მატჩი თბილისის  დროით 16 საათზე დაიწყება.

ქართველები ესპანეთს თბილისში  „ავჭალის“ სტადიონზე  17 თებერვალს, 18 საათზე უმასპინძლებენ.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
ფოტო:  თამუნა ყულუმბეგაშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი