საქართველოს სარაგბო ჩემპიონატ დიდი 10-ის მე-11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს რუსთავში ადგილობრივი “ხარები” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ.
ამ ტურის წინ აჭარლები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იყვნენ, ხოლო ქვემო ქართლელები მე-2 პოზიციას იკავებდნენ.
მატჩი “ხარებმა” აქტიურად დაიწყეს. მათ იერიშებს ბათუმელებმა ვერ გაუძლეს და მე-3 წუთზე საჯარიმო ლელო მიიღეს 7-0.
მე-10 წუთისთვის რუსთაველები წინ 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ქვემო ქართლელთა გუნდის ჰავბეკმა კობა ბუჯიაშვილმა ჯარიმა გაიტანა 10-0.
პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
“ბათუმი” თამაშში მეორე ტაიმში დაბრუნდა. 53-ე წუთზე აჭარლების კაპიტანმა მამუკა ნინიძემ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი დაამიწა 10-5.
72-ე წუთზე ჩემპიონატის ლიდერებს მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ. მამუკა ნინიძემ ჯარიმიდან ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 10-8.
ბევრი მცდელობის მიუხედავად ბათუმელებმა ანგარიში თავის სასარგებლოდ ვერ შეცვალეს. ის კი არა მატჩის ბოლოს კიდევ 3 ქულა მიიღეს. რუსთაველმა გიორგი ბასილაიამ არეკნი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 13-8 დააფიქსირა.
დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციას 40 ქულით ისევ “ბათუმი” ინარჩუნებს. 37 ქულით მე-2 ადგილზე თბილისის “ლოკომოტივი” იმყოფება. “ხარები” კი 36 ქულით მე-3 საფეხურს იკავებენ.
დღეს, თბილისში “შევარდენის” სტადიონზე გორის “ჯიქმა” თბილისის “აკადემია” 31:5 დაამარცხა. გორელებმა 5 ლელოს გატანა მოახერხეს და აქტივში 5 ქულა ჩაიწერეს.
ლელოები ნიკა სამხარაძემ, ნიკა სუხაშვილმა, გიორგი მჭედლიშვილმა, ლევან დათუნაშვილი და დავით ხიდეშელმა გაიტანეს. 5-დან 3 გარდასახვა დიტო კიკნაძემ გამოიყენა.
“აკადემიამ” კი ერთი გარდაუსახავი ლელო დადო. თავი თბილისელთა ფულბეკმა საბა ილურიძემ გამოიჩინა.
“ჯიქი” დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. “აკადემიას” კი 16 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზე იმყოფება.
“ხარები” (რუსთავი) 13:8 “ბათუმი”
“ხარები”: საჯარიმო ლელი
ჯარიმა: ბუჯიაშვილი
არეკნი: ბასილია
“ბათუმი”: ლელო -ნინიძე
ჯარიმა: ნინიძე
“აკადემია” (თბილისი) 5: 31 “ჯიქი” (გორი)
“აკადემია: ლელო – საბა ილურიძე
“ჯიქი”: 5 ლელო – სამხარაძე, სუხაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაშვილი, ხიდეშელი
3 გარდასახვა: დიტო კიკნაძე
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე