მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული გეგა გეგეშიძე: ,,ვნანობ აღნიშნულ ინციდენტს”

გეგა გეგეშიძე: ,,ვნანობ აღნიშნულ ინციდენტს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
95 ნახვა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა (თამაზ) გეგეშიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ჭიდაობის ფედერაციაში არსებული დაპირისპირების მოგვარების გზებზე იმსჯელეს და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს.

მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ჭიდაობის ფედერაციის გაფართოებული პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება, რომელზეც მოჭიდავეები და სპორტსმენები ფედერაციაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობას და დისკუსიას გამართავენ.

 მიხეილ ყაველაშვილი:  „ჭიდაობის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფედერაციის ტიტული მოიპოვა. ჩვენ სხვადასხვა ტურნირებში არაერთი ჩემპიონი და წარმატებული მოჭიდავე გვყავს. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. მთავარი მოტივია სტაბილურად განვითარდეს როგორც სპორტსმენების წარმატებები, ასევე ფედერაციის საქმიანობა. რაც შეეხება იმ არასასიამოვნო ინციდენტს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, დარწმუნებული ვარ, იგი არავის ინტერესში შედიოდა, თუმცა სამწუხაროა, რომ აღნიშნული ფაქტი მოხდა. როგორც ზურაბ დათუნაშვილთან, ასევე გეგა გეგეშიძესთან აღნიშნულ ინციდენტზე გულწრფელად ვისაუბრეთ. შემომთავაზეს, რომ ჭიდაობის ფედერაცია, უახლოეს დღეებში, ფართო შემადგენლობით მოიწვევს პრეზიდიუმს და ის ადამიანები, ვინც ქმნიდნენ ჭიდაობის ეპოქას, ვეტერანი სპორტსმენები და მოქმედი მოჭიდავეები ისმჯელებენ ყველა იმ საკითხზე, რაც ფედერაციაშია შექმნილი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციის შიგნით, გადაწყდეს და მოგვარდეს პრობლემები. მსჯელობის და დისკუსიის შედეგად იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მთავარია ის წარმატებები, რომლებიც გვქონდა, კვლავ გაგრძელდეს და არც ერთი მოჭიდავე არ იყოს დაჩაგრული და ყველა სპორტსმენს ჰქონდეს სრულყოფილად მომზადების და ასპარეზობის საშუალება. ეს არის ყველა ჩვენგანის საერთო საკეთებელი საქმე“, – განაცხადა პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

ზურაბ დათუნაშვილთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა და მოჭიდავეს, ლიცენზიების მოპოვების მიზნით, ვარჯიშის გაგრძელება შესთავაზა.

გეგა გეგეშიძე: „კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ არსებული ვითარება. შევჯერდით, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა და ყველა საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ვნანობ აღნიშნულ ინციდენტს.  ახლა მთავარია ვითარების დასტაბილურება, რადგან ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია და ვფიქრობ, ზურაბ დათუნაშვილმა ვარჯიში უნდა გააგრძელოს“, – აღნიშნა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა.

წყარო: parliament.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი