ევროპის პრესტიჟულ სარაგბო ტურნირის 6 ერის გათამაშებაზე მე-2 ტურის 2 შეხვედრა ჩატარდა.
მოქმედმა ჩემპიონმა ირლანდიამ მეორე ცდაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
“სამყურებმა” გასვლით ბრძოლაში შოტლანდიის ნაკრები 22-13 დაამარცხეს.
დაძაბული ბრძოლის საწყის წუთებზე “სკოტებმა” ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. გრეგ ლეიდლოუმ შანსი გამოიყენა და მასპინძელთა გუნდი დააწინაურა 3-0.
მე-9 წუთზე ირლანდიელები წინ გავიდნენ. შეხვედრის პირველი ლელო კონორ მურეიმ დადო. მას გარდასახვისას მიზანმა უმტყუნა 3-5.
სტუმრებმა ანგარიშის სხვაობა მე-16 წუთზე გაზარდეს.
შოტლანდიელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ჯეიკობ სტოკდეილმა დაამიწა. ამჯერად გარდასახვა კონორ მურეიმ გამოიყენა 3-12.
28-ე წუთზე შოტლანდიის ნაკრების მორაგბეებმაც იხეირეს. სემ ჯონსონის ლელოსა და გრეგ ლეიდლოუს გარდასახვის შემდეგ ირლანდიელთა უპირატესობა მინიმუმამდე დავიდა 10-12.
მეორე ტაიმში უკეთ ფავორიტად მიჩნეულმა “სამყურებმა” ითამაშეს და სტატუსიც გაამართლეს.
55-ე წუთზე ქის ირლზიმ “სკოტებს” რიგით მესამე ლელო დაუდო. შეცვლაზე შემოსულმა მგეზავმა ჯო კარბერმა კი რეალიზაციისას ბურთი ძელებს შორის ზუსტად გააძვრინა 10- 19.
შოტლანდიის ნაკრებს მატჩის გადასარჩენად ერთი გარდასახული ლელო აღარ ყოფნიდა. აქედან გამომდინარე, როცა 61-ე წუთზე სტუმრები დაჯარიმდნენ გრეიგ ლეიდლოუმ გუნდის კაპიტანთან თათბირის შემდეგ ბურთის კარში დარტყმა გადაწყვიტა. ლეიდლოუს დარტყმულმა მიზანს უწია და ანგარიში 13-19 გახდა.
68-ე წუთზე ჯარიმა ჯო კარბერმაც გაიტანა და 9-ქულიანი სტატუსკვო აღდგა 13-22.
დარჩენილ დროში შოტლანდიელთა რაზმი მატჩში გარდატეხის შეტანას არაერთხელ ეცადა, თუმცა ამაოდ.
ირლანდიამ 6 ერის წლევანდელ ტურნირზე პირველი 4 ქულა მოიპოვა.
შოტლანდია 13:22 ირლანდია
6′ გრეგ ლეიდლოუ (3-0), 9′ კონორ მურეი (3-5), 16′ ჯეიკობ სტოკდეილი (3-10), 17′ კონორ მურეი (3-12), 28′ სემ ჯონსონი (8-12), 29′ გრეგ ლეიდლოუ (10-12)
55′ ქის ირლზი (10-17), 56 ‘ ჯო კარბერი (10-19), 61′ გრეიგ ლეიდლოუ (13-19), 68’ ჯო კერბერი (13-22)
უელსის ნაკრებმა 6 ერის გათამაშება ბრწყინვალედ დაიწყო. “დრაკონებმა” საფრანგეთის დამარცხების შემდეგ მის გზას იტალიაც გაუყენეს.
აპენინებზე ჩატარებულ ორთაბრძოლაში ბრიტანელებმა 26-15 გაიმარჯვეს.
პირველ ნახევარსაათში უელსის ნაკრების მგეზავმა დან ბიგარიმ 4 ჯარიმა გაიტანა. რის შედეგად სტუმართა გუნდმა 12-0 გაქცევა მოაწყო.
33-ე წუთზე იტალიელებიც გამოფხიზლდნენ და მათთვის მრისხანე მეტოქეს პირველი ლელო დაუდეს. ლელოს ავტორი ბრამ სტეინი გახდა. გარდასახვა კი ზუსტად ტომასო ალანმა შეასრულა 7-12.
მეორე ტაიმის დასაწყისში უელსელები დაჯარიმდნენ. 44-ე წუთზე ტომასო ალანმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა 10-12.
53-ე წუთზე ბრიტანელებმა ლელოს გატანა კიდევ ერთხელ მოახერხეს. თავი ჯოშ ადამსმა ისახელა. გარდასახვისას დან ბიგარს ნერვებმა არც ამჯერად უმტყუნა 10-19.
69-ე წუთზე ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყდა. “დრაკონებმა” იტალიის ნაკრებს მორიგი ლელო დაუდეს. ჩათვლის მოედანში ბურთი ოუენ უატკინმა შეიტანა. გარდასახვა შეცვლაზე შემოსულმა გარეთ ასკომბმა გაიტანა 10-26.
იტალიელებმა ბოლოს ე.წ პრესტიჟის ლელო დადეს და ხასიათი ოდნავ გამოისწორეს. შეხვედრის ბოლო ქულები ედუარდო პადოვანიმ მოიპოვა.
იტალია 15:26 უელსი
1’14’ 18′ 29′ დან ბიგარი (0-3, 0-6, 0-9, 0-12), 33′ ბრამ სტეინი (5-12), 35′ ტომასო ალანი (7-12), 44′ ტომასო ალანი (10-12), 53′ ჯოშ ადამსი (10-17), დან ბიგარი (10-19), 69′ ოუენ უატკინი (10-24), 70′ გარეთ ანსკომბი (10-26), 74′ ედუარდო პადოვანი (15-26)
2 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში სიტუაცია ასეთია:
1. უელსი 2 2 0 0 50-34 8
2. ინგლისი 1 1 0 0 32-20 5
3. შოტლანდია 2 1 0 1 46-42 5
4. ირლანდია 2 1 0 1 42-45 4
5. საფრანგეთი 1 0 0 1 19-24 1
6. იტალია 2 0 0 2 35-59 0