მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მეორე ბრძოლა მოიგო

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მეორე ბრძოლა მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
197 ნახვა

სუმოს სამშობლოში,  იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე მე-4 დღის ბრძოლები გაიმართა.

ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ დაძაბულ ბრძოლაში დასავლეთის მე-3 მაეგაშირა იაპონელი ნიშიკიგი დაამარცხა.  ტოჩინოშინმა მეტოქეს თავისი საყვარელი ჩავლება ბრძოლის დასაწყისშივე აუღო.  შემდეგ კი დოჰიოს კიდესთან მიიყვანა. იქ იაპონელი რიკიში ქართველ მებრძოლს კი გაუძალიანდა, თუმცა ლევანმა დაწყებული საქმე ბოლომდე წარმატებით მიიყვანა და იორიტაოშის ილეთით გაიმარჯვა.

ქართველ რიკიშს ბალანსი 2-2 გაუხდა.  კაჩი-კოჩის ანუ დადებითი ბალანსის  მოსაპოვებლად ტოჩინოშინს დარჩენილ 11 ბრძოლაში, კიდევ 6 მოგება ესაჭიროვება.  გორგაძე კადობანშია ჩამდგარი და იმისათვის, რომ ოძეკის წოდება არ დაკარგოს ტურნირზე მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი არ უნდა გაიფორმოს.

ხვალ, ქართველი მებრძოლი დასავლეთის პირველ მაეგაშირა  ბრაზილიელ კაისეის წინააღმდეგ წარსდგება.  სამხრეთ ამერიკელ რიკიშს ამ ბაშოზე გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია.  ტოჩინოშინს  კაისეისთან  ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.

ამ რიკიშების 18 დაპირისპირებიდან 11-ჯერ გამარჯვებას ლევან გორგაძემ მიაღწია.

ჰარუ ბაშოზე მორიგი რიგით მე-4 გამარჯვება ლეგენდარულმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მოიპოვა.  “თეთრმა ფენიქსმა”  დასავლეთის მე-2 მაეგაშირა იაპონელი დაიეიშო ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

მისმა თანამემამულემ  იოკოძუნა კაკურიუმ ტურნირზე მე-3 ბრძოლა მოიგო. მან ოშიდაშის ილეთით აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იაპონელ მიოგირიუს სძლია.

მშობლიურ ქალაქში შესანიშნავ გამოვლას ოძეკი გოეიდო განაგრძობს.  იაპონელმა ამჯერად ტოჩინოშინის მომავალი მეტოქე ბრაზილიელი კაისეი უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.

განვლილი 4 ბრძოლის შემდეგ ჰაკუჰოს და გოეიდოს გარდა წაუგებლები  მე-4 მაეგაშირა იჩინოჯო, მე-8 მაეგაშირა ჰოტოშოგიკუ  და მე-15 მაეგაშირა იშიურა არიან.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი