მთავარი მთავარი ზურაბ ჟვანია: ,,რუსეთთან გამარჯვებას ქართველ ხალხს მივუძღვნით!“ 

ზურაბ ჟვანია: ,,რუსეთთან გამარჯვებას ქართველ ხალხს მივუძღვნით!“ 

ავტორი კახა მიხანაშვილი
722 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩისთვის ემზადება.

დღეს, “ბორჯღალოსნებმა”  ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართეს.

წვრთნა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ხაზი და შერკინება ცალ-ცალკე გახურდა, მერე კი ბიჭები ორ გუნდად გაიყვნენ და სხვადასხვა სტატიკური ფაზებიდან შეტევასა და დაცვაში ივარჯიშეს.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ეროვნული გუნდის ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ და ფულბეკმა ლაშა ხმალაძემ გააკეთეს.

მწვრთნელები და მოთამაშეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ტიტულის ნაადრევად დაუფლების მიუხედავად, კარგად ესმით მომავალი მატჩის მნიშვნელობა და კრასნოდარში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

მილტონ ჰეიგი:„დღეს ძალიან კარგი ვარჯიში გვქონდა. ხვალ ბიჭებს დავასვენებთ და ზეგ, კრასნოდარში გაფრენამდე კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება. რამდენიმე მცირე ტრავმა გვაქვს, სერიოზული არაფერია, თუმცა პარასკევს მათ მდგომარეობას კიდევ ერთხელ გადავხედავთ და შემადგენლობასაც ამის შემდეგ დავასახელებთ.

ქართველებისთვის რაგბი ევროპის ჩემპიონატში რუსეთთან თამაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა და ვფიქრობთ, გულშემატკივარს კვირას კარგ წარმოდგენას ვაჩვენებთ. რუსეთის ნაკრები უწინდელთან შედარებით უფრო სწრაფი და ათლეტური გუნდია. მათ ყველა კომპონენტში ეტყობათ გაუმჯობესება და ბურთსაც სწრაფად ათამაშებენ. ახლა რუსეთის ნაკრებს უფრო ბევრი იარაღი აქვს, თუმცა ჩვენ მზად ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“. – აცხადებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ზურაბ ჟვანია:„მართალია რაგბი ევროპის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე ჩემპიონობა გავინაღდეთ, მაგრამ რუსეთთან თამაში, მათი სტუმრად დამარცხება, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. მე მჯერა ჩემი ნაკრების, ჩვენი ბიჭების და საქართველოში აუცილებლად გახარებულები დავბრუნდებით. ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს მივუძღვნით!“.

ლაშა ხმალაძე:„მეტოქე ნამდვილად გაზრდილია. რუსული კლუბები, მათი ნაკრების მოთამაშეები, რეგულარულად თამაშობენ ჩელენჯ ქაფზე და ეს მათ გაზრდაში დაეხმარა. ფიზიკურად და ტექნიკურად ახლა ისინი უკეთ გამოიყურებიან, თუმცა ჩვენც გავიზარდეთ, ახალგაზრდული ნაკრებებიდან ძალიან კარგი, ტექნიკური და სხარტი ბიჭები ამოდიან.

როგორც ყოველთვის, ეს თამაში ახლაც მნიშვნელოვანია. არა აქვს მნიშვნელობა ჩემპიონები გავხდით თუ არა, რუსეთთან მატჩი ყოველთვის პრინციპული იქნება და ასეა ახლაც. მეტოქეს რის საშუალებასაც მისცემ იმას მოიმოქმედებს. ვეცდებით, რომ რუსებს პირველივე წუთებიდან გავუქროთ მოგებაზე ფიქრის საშუალება“.

რუსეთისა და საქართველოს დაპირსპირება 17 მარტს, ქალაქ კრასნოდარში შედგება.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი