მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები მერაბ შარიქაძე: ..რუსებთან თამაშისას რომ მოტივაცია გვაქვს, იმაზე ძლიერი მოტივაცია არ არსებობს!”

მერაბ შარიქაძე: ..რუსებთან თამაშისას რომ მოტივაცია გვაქვს, იმაზე ძლიერი მოტივაცია არ არსებობს!”

ავტორი კახა მიხანაშვილი
139 ნახვა

,,მაისურებზე დახატული რუკით გვინდოდა, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა რუსეთისა და მთელი მსოფლიოსთვის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და მათ გარეშე ყოფნას არასდროს შევეგუებით!” – აცხადებს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

“ბორჯღალოსანთა” გუნდის კაპიტანი საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ საუბრობს. “ბუკას”აცხადებს, რომ რუსეთთან თამაში საქართველოს ნაკრებისთვის ნებისმიერ ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანია.  მისი აზრით, უამინდობა, რომ არა  ქართველები რუს “დათვებს” 30-ქულიანი სხვაობით მაინც დაამარცხებდნენ.

მერაბ შარიქაძე: ,,ცხადია, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებით გავიხარეთ, მაგრამ რუსეთთან თამაში ჩვენთვის ნებისმიერ ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანია!  დარწმუნებული ვარ, ქართველი გულშემატკივარიც ასევე ფიქრობს, რაც შეეხება კრასნოდარში გამართულ შეხვედრას, ნალექს ელოდნენ, მაგრამ არ უწვიმია, მოედანი წინასამატჩო მოთელვის დროსაც მშრალი იყო, მაგრამ გამოვედით თუ არა სათამაშოთ, წვიმა მაინცდამაინც მაგ დროს დაიწყო. მასპინძლები იმედს ისედაც ფეხით თამაშზე ამყარებდნენ. მას შემდეგ კი, რაც ბურთი და მოედანი დასველდა რუსები ყველა სათამაშო მონაკვეთში ფეხით თამაშს ცდილობდნენ, ჩვენს ოცდაორშიც კი! ეს არც გაგვკვირვებია, ბურთი ისე სრიალებდა, ერთი ზუსტი პასის გაკეთებაც კი ჭირდა.  როცა ვნახეთ, რომ ხელით თამაში შეუძლებელი იყო, სტრატეგია შევცვალეთ და მას შემდეგ რუსებს შანსიც აღარ ჰქონია.

თამაშისას ერთხელაც არ გვიფიქრია, რომ მასპინძლებმა რაღაცაში გვაჯობეს. ძალიან გვინდოდა, რუსები ხელდახელ თამაშშიც დაგვეჯაბნა და ანგარიშის სხვაობა უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო, მაგრამ ბურთი ისე სრიალებდა, ხელით თამაში არაფრით გამოდიოდა, ამიტომაც გადაწყობა მოგვიწია. როდესაც ტაქტიკა შევცვალეთ ქულების დაგროვებაც დავიწყეთ რუსები ფაქტობრივად, “გაქრნენ” მოედნიდან.

რუსებთან თამაშისას რომ მოტივაცია გვაქვს, იმაზე ძლიერი მოტივაცია არ არსებობს!  წინა დღეს ჩვენი მზარდი ნაკრების რუსეთის “ა” ნაკრებთან წაგებული მატჩი მხოლოდ დამატებითი მიზეზი იყო, რომ არავითარ შემთხვევაში რუსებთან წაგება, არ შეიძლებოდა.  რაც შეეხება მოროზოვის სიტყვებს, თამაშამდე ვთქვი და ნამატჩევსაც გავიმეორე, ლაპარაკს საქმით სჭირდება გამაგრება-მეთქი, რუსებისგან კი საქმე ჯერაც ვერ ვნახეთ. მსგავს ანკესსა და პროვოკაციებზე თავად თუ წამოეგებიან, თორემ ჩვენ კარგად ვიცით, რომ სიტყვა ერთია, საქმე მეორე.  ლაპარაკით თამაშს ვერ მოიგებ! “ბორჯღალოსნებსაც” ძალიან გვინდა მსოფლიოს ჩემპიონობა, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს შეუძლებელი, რომ არის, ჩვენზე უკეთ ვინ იცის?

რყსეთთან მატჩის მეორე ტაიმში მწვრთნელების დავალებები უფრო ზუსტად შევასრულეთ. უამინდობა რომ არა, ჩემი აზრით, რუს “დათვებს” 30-ქულიანი სხვაობით მაინც დავამარცხებდით! პირველ ტაიმში სველი ბურთის ხელით გათამაშებას ვერც ვახერხებდით და არც ვეშვებოდით, ხარვეზის გამოსწორების მცდელობას კი ახალი შეცდომები მოჰყვებოდა.  როცა ყველაფერი გავაანალიზეთ, თამაშის სტილი შევცვალეთ და უპირატესობა ხელიდან აღარც გაგვიშვია.  რუსეთთან ბრძოლაში რამდენიმე გაწევ-გამოწევა  მოგვივიდა, მაგრამ სერიოზული არაფერი მომხდარა.  პირველ ტაიმში ჩვენს ისეთი დაძაბულები ვიყავით, მეტოქეს მცირედიც არ შევარჩინეთ. მასპინძლები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, არაფერს დაგითმობთო, მაგრამ რაც გამოუვიდათ ვნახეთ.

რუსეთთან მატჩში ახალგაზრდა მორაგბეებმა კარგად ითამაშეს.  ისინი ნელ-ნელა ნაკრებში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებენ. მათი კარგი თამაში ბევრი რაღაცის დამსახურებაა: მწვრთნელების კარგი მუშაობის, თავად ამ ახალგაზრდა მორაგბეების მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი მოთამაშეების გულიანად დახვედრის და ა.შ. რაც მთავარია, ყველას საერთო მიზანი გვამოძრავებს და ასეთი უმკივნეულო და ნაყოფიერი ცვლილებებიც ამის შედეგია” – საუბრობს რუსეთთან მატჩის შესახებ მერაბ შარიქაძე “კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოს  ნაკრების კაპიტანმა იმ მაისურების შესახებაც ისაუბრა, რომელიც  ქართველებს ეროვნულ ჰიმნის შესრულებისას ეცვათ.  “ბუკა” შარიქაძე ასევე ე.წ. მესამე ტაიმის და ინგლისთან გამართულ ერთობლივ ვარჯიშის შესახებ გვიამბობს.

მერაბ შარიქაძე:  საქართველოს რაგბის კავშირის იდეა მთელმა გუნდმა დიდი სიხარულით ავიტაცეთ. გვინდოდა ამ რუკით კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა რუსეთისა და მთელი მსოფლიოსთვის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და მათ გარეშე ყოფნას არასდროს შევეგუებით!

მატჩის რუს  ოპერატორებს ყველანაირად უცდიათ, მაისურებზე დახატული საქართველოს რუკა კადრებში არ გამოჩენილიყო! რუსულ ტელეარხებისთვის მიცემული ინტერვიუს დროსაც, ეს მაისური ჩავიცვი, მაგრამ როცა მოგვიანებით ჩემი კომენტარების ჩანაწერები ვნახე, გამეცინა, კადრები ისეთი ახლო პლანით აქვთ გადაღებული, რომ მარტო ჩემი სახე ჩანს, საქართველოს რუკა კი არა…

ე.წ.  მესამე ტაიმის დროს კარგად მოვილხინეთ.  რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში რუსებს პირველად ვეთამაშეთ, აქამდე უკანასკნელი მატჩი სულ რუმინეთთან გვიწევდა. ასე, რომ ამჯერად თავს უფლება მივეცით, წარმატება უფრო ხმაურიანად აღგვენიშნა. იმდენი ვიცეკვეთ და ვიმღერეთ, რომ ვერც გავიგეთ რუსები ბანკეტიდან როდის გაიპარნენ. საბოლოდ. ,,ბურთი  და მოედანი” რესტორანშიც ჩვენ დაგვრჩა!

არა მგონია, უახლოეს 2-3 წელიწადში რაიმე შეიცვალოს და ჩვენი ნაკრები უფრო მაღალი რანგის ტურნირზე გამოვიდეს.  ამიტომ, სანამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ პოზიცია უფრო უნდა გავიმყაროთ, მატჩები დიდი სხვაობით უნდა მოვიგოთ და მერე ოდესმე ჩვენც გვეშველება.

ინგლისის ნაკრებთან ორდღიანმა ნაყოფიერმა წვრთნამ დიდი თავდაჯერება შეგვმატა.  ეს გამოჩნდა კიდეც: ბელგიასა და გერმანიას სუსტი გუნდები ჰყავთ, მაგრამ ჩვენს თამაშის ხარისხსა და თავდაჯერებას ინგლისელებთან ვარჯიში აშკარად დაეტყო. ჩვენს შერკინებაზე ახალი რა უნდა ვთქვა? ჩვენმა ბიჭებმა ინგლისელები წელსაც მაგრად დაჩაგრეს!  ვარჯიშზე აქცენტი ხელით თამაშზე გვქონდა და ამ კომპონენტში მუშაობითაც ძალიან კმაყოფილები დავრჩით. იმედია, ეს თავდაჯერებულობა უფრო სერიოზულ მატჩებშიც გაგყვება.

რაც შეეხება ინგლისელებთან ჩხუბს, სერიოზული არაფერი ყოფილა.  ამას ჩხუბს ვერც დავარქმევ. ინგლისელ მორკინალებს არ მოეწონათ ქართველებმა, რომ დაჩაგრეს და შელაპარაკებაც სწორედ ამას მოჰყვა. საბედნიეროდ. მეორე დღეს მცირე ინციდენტიც არ ყოფილა.

მირჩევნია, მსოფლიოს თასზე დასახულ მიზნებზე არ ვილაპარაკო და ყველაფერი საქმით გამოჩნდეს.  ჩვენი ქვეჯგუფი  მსოფლიოს თასის ჯგუფებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია.  ძალიან რთული თამაშები გველის, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, როგორი მოლოდინი და მოთხოვნები გვაქვს ქართველ მორაგბეებს და ქომაგს.  მიზნის მისაღწევად თავს საქართველოს ნაკრების არცერთი მორაგბე არ დაზოგავს! მთავარია, მსოფლიოს თასს ყველა ჯანმრთელად შეხვდეს.  ძლიერებს უმართლებთო და თუ შევძლებთ ძლიერები ვიყოთ, იღბალიც დაგვეხმარება.

გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუს დასასრულს მერაბ შარიქაძემ საკუთარ კარიერაზე და ქართული გუნდის რაიმე სარაგბო ტურნირში ჩართვაზე ისაუბრა.  მისი აზრით, თუ ფრენჩაიზი გაკეთდება, ქართული რაგბი გადარჩება თუ არა და რეგრესი გარდაუვალია.

მერაბ შარიქაძე: იმედია, მსოფლიოს თასის შემდეგ ყველაფერი გაირკვევა და “ორიაკზე” უკეთეს გუნდში ვითამაშებ. თუმცა თუ დამიჯერებთ. ტოპ 14-სა თუ სხვა ნებისმიერ ჩემპიონატზე მეტი სიამოვნებით ქართულ ფრენჩაიზში ვითამაშებდი.  ასეთი რამ რომ გაკეთდეს, სხვაგან ერთ დღესაც არ გავჩერდები. ფრენჩაიზის გარეშე კი ქართულ რაგბს განვითარება ძალიან გაუჭირდება. ყველა ქვეყანამ გამოძებნა რაღაც გზა: ზოგი რომელ ტურნირში მონაწილეობს და ზოგი სად. მეტი რაღა მაგალითი გინდათ, სამხრეთ აფრიკის ორი გუნდი ევროპაში თამაშობს! ჩვენც გვჭირდება მინიმუმ ერთი გუნდი მაინც და ტურნირი,  სადაც ძლიერ გუნდებთან თამაშს რეგულარულად შევძლებთ. თუ ფრენჩაიზი გაკეთდება, ქართული რაგბი გადარჩება თუ არა და რეგრესი გარდაუვალია. აუცილებელია, გვყავდეს გუნდი, რომელიც უმაღლეს დონის ტურნირში ითამაშებს და ეროვნული ნაკრებისთვის მოთამაშეების ძირითადი წყარო იქნება.  ფრენჩაიზს ყველა ჩვენი მეტოქე გააკეთებს და უკან საგრძნობლად ჩამოგვიტოვებენ. – აცხადებს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი  “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

წყარო:https://www.kvirispalitra.ge/sport.html Kvirispalitra.ge

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი