მთავარი მსოფლიოგერმანია ერთი მატჩის ისტორია – ამბავი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი გრანდის გერმანის ნაკრების სტუმრობისა

ერთი მატჩის ისტორია – ამბავი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი გრანდის გერმანის ნაკრების სტუმრობისა

ავტორი კახა მიხანაშვილი
242 ნახვა
1995 წლის 29 მარტი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.
 
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად საქართველოს მსოფლიოს ფეხბურთის გრანდი, იმ დროისთვის 3-გზის მსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები ეწვია.
 
იმ დროს ყოფითი პრობლემებით გვარიანად გაწამებული ხალხი “დიდი მატჩის” მოლოდინში ცხოვრობდა.
 
ისინი შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე “დინამოს” სტადიონის სალაროებთან რიგში იდგნენ, რათა მატჩზე დასასწრები ბილეთები შეეძინათ.
 
მატჩის დღეს, კი გულშემატკივართა მოზრდილი ნაწილი საქართველოს დროშებით “ვაკის პარკთან” შეიკრიბა და “დინამო” სტადიონისკენ გეზი საქართველო, საქართველოს! ძახილით აიღო.
 
სტადიონთან უამრავი ადამიანი ირეოდა.
მატჩზე დასწრების მსურველი ბევრი იყო, მაგრამ ზოგიერთს ბილეთი არ ჰქონდა. ისინი სტადიონთან იდგნენ იმ იმედით,რომ შეხვედრაზე დასწრებას მაინც მოახერხებდნენ.
 
“დინამოს” სტადიონი ბოლომდე გადავსებულია, ვინც სკამებზე ადგილი ვერ ნახა ტრიბუნების კიბეებზე სხედან.
 
ამდენი გულშემატკივარი “ბორის პაიჭაძის სახელობის” სტადიონს იმ დროსაც კი არ ახსოვს, როცა ჩვენი ქვეყნის ფლაგმანი გუნდი თბილისის “დინამოს” სახელი ქუხდა და ქართველები საბჭოთა გუნდებსა და ევროპული ფეხბურთის გრანდებს მუდამ გაწბილებული ტოვებდნენ.
 
და ია ისტორიული მატჩი დაიწყო. მოედანზე მატჩის მონაწილე ფეხბურთელები გამოჩნდნენ. “ეროვნული სტადიონის” მინდორზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა. ერთ მხარეს გერმანელი სუპერვარსკვლავები : მარიო ბასლერი, ანდრეას მიოლერი, იურგენ კლინსმანი, იურგენ კოლერი, მარკუს ბაბელი, შტეფან როიტერი და მეორე მხარეს კი ქართული ფეხბურთის “ოქროს თაობის” ბიჭები ძმები არველაძეები,გიორგი ქინქლაძე, კახა ცხადაძე, მურთაზ შელია, აკაკი დევაძე, გოჩა ჯამარაული და სხვა.
სამწუხაროდ, შეხვედრაში ქართველების მხიდან მონაწილეობა თემურ ქეცბაიამ ვერ მიიღო.  იმ დროს ათენის “აეკის” ფეხბურთელს ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი.
გუნდის კაპიტნებმა კახა ცხადაძემ და იურგენ კლინსმანმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
 
მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ხაზზე მოეწყნენ და ჯერ სტუმართა გუნდის პატივსაცემად გერმანიის ჰიმნი აჟღერდა, შემდეგ კი საქართველოს ეროვნული ჰიმნი ,,დიდება” აგუგუნდა.
 
გულშემატკივარს მატჩისადმი ინტერესი და ბრძოლის განწყობა გაუმძაფრთდა და საქართველო, საქართველოს, ძახილით ფეხბურთელებს მოტივაციას აძლევენ.
შეხვედრა დაიწყო.
12 წუთი – პირველი სახიფათო მომენტი გერმანელებმა შექმნეს ანდრეას მიოლერის დარტყმული ბურთი აკაკი დევაძემ მოიგერია.
24 წუთი – საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით კუთხური დაინიშნა. ბურთთან “სუპერ მარიოდ” წოდებული მარიო ბასლერი მივიდა.მისი ჩაწოდების შემდეგ იურგენ კლინსმანმა შესანიშნავი თავური დარტყმით ანგარიში 0-1 გახადა.
26 წუთზე – ქინქლაძემ, შოთა არველაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. შოთამ კიოპკეს მოტყუება მოახერხა, თუმცა მისი დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა.
45 წუთი – იურგენ კლინსმანმა საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი გაიტანა.
63 წუთი – ჰაიკო ჰერლიხის შესანიშნავი დარტყმული აკაკი დევაძემ ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.
81 წუთი – საქართველოს გოლის გატანის შანსი მიეცა. ისტორიული გოლის გატანა მსოფლიოს ფეხბურთი გრანდის კარში შეცვლაზე შემოსულ გოჩა  გოგრიჭიანს შეეძლო. ქართველი ქომაგი ფეხზე წამოიჭრა და ამ ფაქტის აღსანიშნავი ყიჟინისთვის მოემზადა. თუმცა გოჩა გორგიჭიანის
დარტყმული ბურთი გერმანელთა მეკარემ ანდრეას კიოპკემ ხელებში გაქვავა.
 
საქართველოს ნაკრები 0-2 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად სტადიონზე უხვად მყოფი გულშემატკივარი სტადიონს იმედიანად ტოვებს. ჩვენმა ბიჭებმა გერმანელ ვარსკვლავებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ქართველებს მომავლის რწმენა ჩაუსახეს.
ქომაგების უმეტესობას სჯეროდა,რომ იმ თაობის ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევდნენ და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშებდნენ.
 
29 მარტი, 1995 წელი
ევროპის 1996 შესარჩევიტურნირის შეხვედრა
 
თბილისი, ..ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი”
მაყურებელი: 110 000
 
საქართველო 0:2 გერმანია
24′ 45′ იურგენ კლინსმანი (0-1,0-2)
 
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, დიმიტრი კუდინოვი, გოჩა ჯამარაული (64′ გოჩა გოგრიჭიანი), რევაზ არველაძე (77′ მიხეილ ყაველაშვილი), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
 
გერმანია: ანდრეას კიოპკე, თომას ჰელმერი, იურგენ კოლერი, მარკუს ბაბელი, შტეფან როიტერი, დიტერ აილტსი, რალფ ვებერი (46′ შტეფან ფროინდი), მარიო ბასლერი, ანდრეას მიოლერი, იურგენ კლინსმანი (კაპ), ჰაიკო ჰერლიხი
მთავარი წვრთნელი: ბერტი ფოგთსი
 
გაფრთხილება: შტეფან როიტერი, რალფ ვებერი, მარკუს ბაბელი, შტეფან ფროინდი, იურგენ კოლერი. 
 
მსაჯები: მ.ჯ.ბოდენჰემი; ს.ბენეტი, რ.პერსონი (ინგლისი)
ამ ისტორიული მატჩიდან აგერ უკვე 24 წელი გავიდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ ქართული ფეხბურთი ისე ვერ განვითარდა, როგორც გულშემატკივარს იმ ორთაბრძოლის დროს ეწადა.  საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის პირველობაზე გასვლა ვერ მოახერხა.  თუმცა ამ ხნის განმავლობაში არაერთი სასახელო გამარჯვება მოიპოვა და არაერთი ძლიერი ნაკრები გაამწარა.
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი