მთავარი მთავარი ჩხვიმიანის ჰეთ-თრიქი და 4 მედლით დაწყებული შინაური გრან-პრი

ჩხვიმიანის ჰეთ-თრიქი და 4 მედლით დაწყებული შინაური გრან-პრი

145 ნახვა

მეტად ნაყოფილიე გამოდგა ქართველი ქომაგებისთვის აქაურ ოლიმპიურ სპორტის სასახლეში დღეს დაწყებული თბილისის დიდი პრიზის ტურნირი. მოვიგეთ 1-1 ოქრო-ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა საერთო გუნდურ ჩათვლას სათავეში მოვექეცით.

კვარცხლბეკზე ასული ქართული კვარტეტიდან უმაღლესი სინჯის მედალი ლუხუმ ჩხვიმიანს ხვდა წილად.

ტურნირის უკვე სამგზის ჩემპიონმა საფინალო გზაზე სამ მეტოქეს მოუგო. მათგან ყველაზე გამოსარჩევი კი ნახევარფინალური პაექრობა იყო მსოფლიოს ექსჩემპიონ ბოლდბაატარ განბატთან – ჩვენებურმა ბევრის მნახველი მონღლის დაიპონებას წუთი და 26 წამი აკმარა. მანამდე კი ჯერ ყაზახ ჟენისბეკს აჯობა შებოჭვით, მერე კი ბრაზილიელ კიტადაის გაფრთხილებებით.

ოქროსთვის შეხვედრაში ლუხუმის პირისპირ ფრანგთა ევროპის 2016 წლის პირველობის გამარჯვებული ვალიდე ხიარი დადგა, რომელი შეხვედრის შუაწელში კონტილეთზე მოაყოლა და ვაზარიზე ჩაატრიალა.

ვენდეტა ქართულად – ასე შეგვიძლია ვუწუდოთ ჯაბა პაპინაშვილის (-60) ჭიდაობას ბრინჯაოსთვის არტიომ ლესიუკთან. ახალგაზრდული ევროპა-მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიიორმა უკრაინელთა ჯილას მარაკეშში უფროსი ძმისთვის, აქ კი თემურ ნოზაძისთვის დამარცხებისთვის აუღო რევანში. თანაც როგორ ლამზად – ჯერ ცერი გამოარტყა, წონასწორობა დაკარგული კი ამოსმულზე მოაყოლა და ორთავე ბეჭით გააკრა ტატამს.

კასპელმა ფალავანმა მანამდე 2 მეტოქეს მოუგო – მერვედფინალში ასევე უკრაინელ დილშოტ ხალმატოვს, სანუგეშოში კი ბრაზილიელ ფელიპე კიტადაიას. ერთადერთი მარცხი კი მეოთხედფინალში შეემთხვა ზემოთხსენებულ განბატთან.

სასიამოვნოდ გაგვაოცა გიორგი თუთაშვილმა, რომლისგანაც გულწრფელები თუ ვიქნებით, ძალიან ცოტა თუ ელოდა მედალს.

ამ 20 წლის ბიჭმა ჯერ საკმაოდ გამოცდილ სერგიუ ოლენიკს მოუგო ვაზარით, შემდეგ მის გზას გაუყენა აზერბაიჯანელი ილკინ ბაბაზადა და შარშანდელი მასტერსის ბრინჯაოს მედალოსანი ალტანსუხ დოვდონი, ნახევარფინალში კი ოქროს დროში შესრულებული გდებით ჩამოიშორა ინდოელი სინგ საინი ჯასლეენი, რომელმაც სხვათაშორის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბაგრატ ნინიაშვილი დაგვიმარცხა.

არც ფინალში დაუკლია ცდა გიორგის მასზე ბევრად ტიტულოვან ტალ ფლიკერთან… ბოლომდე ეომა როგორც შეეძლო ებრაელს, მაგრამ გამოცდილებამ მაინც თავისი ქნა და ჩვენებური ვაზარით დამარცხდა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ მეოთხედფინალში შეწყვიტა ოქროსკენ სვლა ბაგრატ ნინიაშვილმა, არადა დმანისელმა ფალავნმა ტურნირი ჩინებულად დაიწყო – ირლანდილეი ბარნსი 51 წამში დააიპონა, რუსი რუსი ანზაურ არდანოვი კი ორჯერ დააგდო ვაზარიზე. სანუგეშოში გადართულმა მეორე მარცხი აგემა მონღოლ დოვდონს, ბრინჯაოს ფინალში კი შესანიშნანავი მკლავცაკეტილი გარეფეხით წმინდათ გააკრა ტატამს აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი.

ვაჟების გარდა დღეს თბილისურ ტატამზე ჩვენი გოგონებიც გამოდიოდნენ, თუმცა მედალს ვერცერთმა უწია.

მათგან საუკეთესო შედეგი – მე-7 ადგილი ეთერ ლიპარტელიანმა აჩვენა, რომელმაც ტურნირი 2 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა. მხოლოდ თითო-თითო შეხვედრა მოიგეს მარიამ მახარაშვილმა და ნატალია ყიფშიძემ, რაც შეეხება მარიამ ჯანაშვილს, ტატიანა ლევიცკა-შუკვანს და მარიამ ციხელაშვილის, ისინი თავიდანვე გამოეთიშნენ ასპარეზობას.

ხვალინდელი საჭიდაო დღე ვაჟებიდან 73 და 81, ხოლო გოგონებიდან 63 და 70 კილოგრამიან ფალავნებს დაეთმობათ.

ვნახოთ კიდევ რამდენი მედლით გამდიდრდება ქართული ყულაბა…

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი