ადრიატიკის ლიგის 1/2 ფინალის მე-2 მატჩში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ხორვატული კლუბი “ცედევიტა” 87-72 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა ბითაძემ შეხვედრა ჩვეულად მაღალ დონეზე ჩაატარა. მან პარკერზე 20:13 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.
ქართველის მონაგარი შესაძლოა მეტიც ყოფილიყო, თუმცა მან 5 პერსონალური ფოლის გამო მატჩი ნაადრევად დაასრულა.
გამარჯვებული გუნდიდან 15 ქულით ედვინ ჯეკსონი გამოირჩა. ბითაძის მსგავსად 11-11 ქულა ნორის კოულმა და ნემანია გორდიჩმა დააგროვეს.
მატჩის დაწყებამდე გოგა ბითაძეს MVP-ის 2 ტიტული გადასცეს. 19 წლის ქართველი ცენტრი ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელისა და სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზით დააჯილდოვეს.
ორივე ტიტული გოგა ბითაძეს 1/2 ფინალური ორთაბრძოლის დაწყებისას სავსე ტრიბუნების წინაშე გადასცეს.
ადრიატიკის ლიგის 1/2 ფინალური სერიის გადამწყვეტი მე-3 მატჩი “ცედევიტასა” და “ბუდუჩნოსტს” შორის 6 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.
მეორე 1/2 ფინალურ წყვილშიც გამარჯვებულს მე-3 ბრძოლა გამოავლენს. სერბული გუნდების “პარტიზანისა” და “ცრვენა ზვეზდას” დაპირისპირებაშიც სერიაში ანგარიში ამ დროისთვის 1-1 გახლავთ.