მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა

რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა

ავტორი კახა მიხანაშვილი
107 ნახვა

საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძემ შესანიშნავად იასპარეზა. 20 წლის ძალოსანმა ჯამში 3 მედალი მოიპოვა.  ქართველი ძალოსანი ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო აკვრაში და ორჭიდის ჯამში ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ქართველმა ძალოსანი ატაცში ბრწყინვალედ გამოვიდა.  მან სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ჩემპიონის ოქროს მედალთან ერთად 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდიც დაამყარა.

დავითაძემ თავდაპირველად 164 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა.  მეორე ცდაზე კი 167 კილოგრამი დასძლია. რეკორდის მოპოვება კი 170 კილოგრამის დაფიქსირებით მოახერხა.

20 წლის ქართველი სპორტსმენის პირველი ცდა აკვრაშიც წარმატებული გამოდგა. მან პირველ ჯერზე 194 კილოგრამი ასწია. მეორე ცდაზე ქართველმა ერთბაშად 5 კილოგრამით მეტი წონა შეუკვეთა. დავითაძემ სამწუხაროდ, 199 კილოგრამიანი შტანგა ვერ დაიმორჩილა.
ბოლო ცდაზე კი რევაზ დავითაძემ 200 კილოგრამი დასძლია.  ქართველმა აკვრაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამში კი 370 კილოგრამი დააგროვა. მასზე ერთი კილოთი მეტის დაგროვება სომეხმა ჰაკობ მკრტიჩიანმა მოახერხა. მან ევროპის ჩემპიონის ტიტული სწორედ რევაზ დავითაძეს ჩამოართვა. გასულ სეზონში ორჭიდში ევროპირველობა ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა.
ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალს ასევე სომეხი დავით ოვსანიანი დაეუფლა.Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.

დღეს, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა.  კონტინენტის პირველობის ყველაზე პატარა მონაწილე 14 წლის ნათია გადელიამ 76 კილოგრამ წონითი კატეგორიის B ჯგუფში ორჭიდის  ჯამში თავი 149 კილოგრამს მოუყარა.

Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.

ფოტოები: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი