მთავარი მთავარი 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, 1 რეკორდი – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ანტონ პლესნოიმ 2 მედალი მოუტანა

1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, 1 რეკორდი – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ანტონ პლესნოიმ 2 მედალი მოუტანა

ავტორი კახა მიხანაშვილი
107 ნახვა

ქალაქ ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანტონ პლესნოიმ მოუტანა.

ნატურალიზებულმა სპორტსმენმა ატაცში სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა. მან თავდაპირველად 165 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა.  შემდეგ კი  170  და  173 კილოგრამი დასძლია.
173 კილოგრამის დაფიქსირებით ანტონ პლესნოიმ 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდი დაამყარა.

აკვრაში პლესნოიმ 3-დან 2 ცდა გამოიყენა.  მან ჯერ 198 კილოგრამიანი შტანგა წარმატებით აღმართა.  ფიცარნაგზე მისი მეორე მისვლა  წარუმატებელი აღმოჩნდა. ანტონმა 204 კილოგრამი ვერ დაიმორჩილა.

ბოლო ცდაზე კი 204  კილოგრამის დაფიქსირება მაინც მოახერხა. პლესნოიმ  ორჭიდის ჯამში 377 კილოგრამი დააგროვა და   ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ტურნირზე ბრწყინვალედ ბელარუსი ძალოსანი ევგენი ტიხანცოუ გამოვიდა.  მან სამივე დისციპლინაში ოქროს მედალი მოიპოვა.  სლავმა სპორტსმენმა აკვრაში 222 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო ორჭიდის ჯამში 400 კილოგრამს უწია. ორივე შემთხვევაში ეს მონაცემები ევროპის რეკორდის დაფიქსირების ტოლფასი იყო.

ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი რუსმა ეგორ კლიმონოვმა დაიმსახურა.  მან ანტონ პლესნოის სულ რაღაც 1 ქულით აჯობა.

ხვალ, ბათუმის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონობის მოპოვებას მეოთხედ ლაშა ტალახაძე შეეცდება.  მძიმე წონაში ტალახაძის გარდა ძალებს ირაკლი თურმანიძეც მოსინჯავს.

მანამდე კი ევროპირველობაზე მედლის აღების შანსი ირაკლი ჩხეიძეს ექნება.

ამ დროისთვის საქართველოს ყულაბაში 8 მედალია.  აკვრაში ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ მოიპოვა. გოგა ჩხეიძემ ევროპირველობა 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალით დაასრულა.  კონტინენტის ტურნირზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი რევაზ  დავითაძემ დაისაკუთრა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი