მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ქართველმა ძალოსნებმა სამშობლოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 15 მედალი მოიპოვეს

ქართველმა ძალოსნებმა სამშობლოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 15 მედალი მოიპოვეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
183 ნახვა

საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში გამართული ძალოსნობის 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი ისტორიის კუთნილება გახდა.

კონტინენტის პირველობა ლაშა ტალახაძის პატივსაცემად აჟღერებული საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიხურა.

ქართველებმა ევროპირველობა შესანიშნავად ჩაატარეს და ჯამში 15 მედალი დაისაკუთრეს.  ოლიმპიური  ჩემპიონის გიორგი ასანიძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა  5 ოქროს, 6 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი დააგროვა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა.  ოლიმპიურმა, მსოფლიოს 3-გზისა და ევროპის აწ უკვე 4-გზის ჩემპიონმა ოქროს მედლებთან ერთად 3 მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა.

ტალახაძის გარდა ევროპის ჩემპიონი აკვრაში 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა  მიშველიძე გახდა.   ევროპის ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედალი ასევე რევაზ დავითაძემ აიღო.  89 კილოგრამში ქართველი ძალოსანი საუკეთესო ატაცში გახდა.  დავითაძემ ორი ვერცხლის მედალი აკვრაში და ორჭიდის ჯამში ირგუნა.

მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თურმანიძე 3 მედალი დაისაკუთრა.  34 წლის ძალოსანმა ატაცში ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვა.   აკვრაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ორჭიდის ჯამში კი ტალახაძის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძემ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და 23-წლამდელთა შორის 3  ევროპის რეკორდი დაამყარა.

ევროპის ჩემპიონატი ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით ანტონ პლესნოიმ დაასრულა.

ირაკლი ჩხეიძის მონაგარი კი ერთი ბრინჯაოს მედალია.

შოთა მიშველიძე (61  კგ) – ოქრო (აკვრა);

გოგა ჩხეიძე (67 კგ) – ვერცხლი (აკვრა), ბრინჯაო (ორჭიდი), 3 რეკორდი 23-წლამდელთა შორის

რევაზ დავითაძე (89 კგ) – ოქრო (ატაცში),  2  ვერცხლი (აკვრა, ორჭიდი)

ანტონ პლესნოი (96) –  ვერცხლი (ატაცი), ბრინჯაო (ორჭიდი)

ირაკლი ჩხეიძე (102) – ბრინჯაო (ატაცი)

ლაშა ტალახაძე (+109) – 3 ოქრო (ატაცი, აკვრა, ორჭიდი),  3 მსოფლიოს რეკორდი

ირაკლი თურმანიძე –  2  ვერცხლი (ატაცი, ორჭიდი),  ბრინჯაო (აკვრა)

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატს უმაღლესი შეფასება მისცა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი