მთავარი საქართველოდიდი ათი დიდი 10-ის ფინალის წინასამატჩო ამბები

დიდი 10-ის ფინალის წინასამატჩო ამბები

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატ დიდი 10-ის ფინალში ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი და რუსთავის “ხარები” დაუპირისპირდებიან.

ამ გუნდებისთვის საქართველოს ჩემპიონობა უცხო არაა, ოღონდ ორივემ საჩემპიონო ჯილდო დიდი ხნის წინ აქვს მოგებული.

რუსთაველები ჩემპიონები ერთადერთხელ, 26 წლის წინ, 1993 წელს გახდნენ. მაშინ გამარჯვებული რეგულარული გათამაშების შედეგად ირკვეოდა და ქვემო ქართლის ეს  გუნდიც ,,რუსთავის’” სახელით თამაშობდა.

ბათუმელებმა მთავარი ჯილდო ორჯერ მოიპოვეს. მათაც ჩემპიონის ტიტული სხვა  სახელით დაისაკუთრეს.  ,,დათვების” სახელით  1999 წელს გუნდმა პირველობა რეგულარული გათამაშებით მოიგო, ხოლო 2002 წელს ფინალურ შეხვედრაში ‘დათვები 2’-ს შეხვდა და 27:10 დაამარცხა. იმ წელს საქართველოს ჩემპიონატის ფინალს ბათუმმა პირველად უმასპინძლა, წელს კი ზღვისპირა ქალაქში გადამწყვეტი შეხვედრა გუნდის დამსახურებით, შეხვედრა მეორედ იმართება.

,,ბათუმმა” დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის რეგულარული გათამაშება 66 ქულით მოიგო, ფლეი ოფის შესარჩევ ფინალში მასპინძლობის უფლება მიიღო, იქ გამარჯვებით კი, რეგლამენტის თანახმად, ფინალშიც საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება დაიბევა.

ზღვისპირელებმა რეგულარულ გათამაშებაში სულ სამი შეხვედრა დათმეს და აქედან ორი სწორედ მომავალ მეტოქე ‘ხარებთან’. პირველ წრეში რუსთაველები მეტოქეს ბათუმში ეწვივნენ და 15:8 იმარჯვეს. დაძაბული გამოდგა მეორე წრის მატჩიც და ‘ხარებმა’ რუსთავში მეტოქე 13:8 დაამარცხა.

,,ხარებმა” რეგულარული გათამაშება 60 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და ფლეი ოფში მეორე ეტაპიდან ჩაერთო. შესარჩევ ფინალში ის ,,ბათუმს” სტუმრად 20 აპრილს ეთამაშა.

ზღვისპირელებმა წინა შეცდომები გაითვალისწინეს და ორი მარცხისთვის ღირსეული რევანში აიღეს – 32:10. ამით მათ ფინალის საგზური და იქ მასპინძლობის უფლება მოიპოვეს, მას შემდეგ კი აგერ უკვე სამი კვირაა არ უთამაშია.

იმ მატჩის შემდეგ, რუსთაველებმა ერთი კვირა დაისვენეს, გასულ კვირას მცირე ფინალში მარნეულის ‘არმაზი’ მიიღეს და 27:21 გამარჯვებით ფინალის საგზური მიიღეს. შედეგად, სამი კვირის შემდეგ ისინი კვლავ ბათუმში ბრუნდებიან, თუმცა ახლა სასწორზე ოქროს მედლები დევს.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი